აღიარების გზამკვლევი
აღიარება - რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება.
აღიარებას ექვემდებარება ის ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან (არსებობს გამონაკლისები, იხ. საქართველოს მთავრობის №722 დადგენილება „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“).
აკრძალულია აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც აღიარებას ექვემდებარება, აღიარების გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და საქმიანობის შეჩერებას.
ბიზნესოპერატორის აღიარების პროცედურა:
1. ბიზნესოპერატორი განცხადებით მიმართავს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ აპარატს ან ტერიტორიულ ორგანოებს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორის საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი, ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (მისამართი), ეკონომიკური საქმიანობის სახე (სექცია, განყოფილება, ჯგუფი, კლასი, ქვეკლასი).
2. განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტო ადგილზე ახორციელებს ბიზნესოპერატორის ინსპექტირებას.
3. ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სააგენტო ახორციელებს ბიზნესოპერატორის აღიარებას, პირობით აღიარებას ან უარს აცხადებს ბიზნესოპერატორის აღიარებაზე ინსპექტირების დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში.
4. თუ ბიზნეოპერატორი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის (შემდგომში – კლასიფიკატორი) სხვადასხვა ჯგუფში მითითებული ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას/გადამუშავებას, ბიზნესოპერატორის აღიარება ხორციელდება ამ კლასიფიკატორის შესაბამისი ჯგუფების მიხედვით.
5. სააგენტო ბიზნესოპერატორს აღიარებას ანიჭებს უვადოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
6. თუ ინსპექტირების შედეგებით დადგენილი იქნება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ საწარმოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ბიზნესოპერატორს ერთი თვის ვადით ანიჭებს პირობით აღიარებას.
7. პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტო ახორციელებს განმეორებით ინსპექტირებას, რომლის საფუძველზე:
ა) პირობითი აღიარების ვადა გრძელდება 1 თვით, თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ქვემოთ მითითებული შემთხვევების გარდა, კერძოდ:
ბ) არ გრძელდება პირობითი აღიარების ვადა:
ბ. ა) თუ აღმოჩნდა ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი;
ბ. ბ) თუ ბიზნესოპერატორს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ევალება, დანერგოს და არ აქვს დანერგილი სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად;
გ) ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
8. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს უარი ეთქვა პირობითი აღიარების გაგრძელებაზე და ის მიმართავს განცხადებით სააგენტოს აღიარების შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უარი ეთქმება აღიარებაზე.
9. პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, განმეორებითი ინსპექტირების საფუძველზე, ბიზნესოპერატორი წყვეტს საქმიანობას ან ენიჭება აღიარება.
10. თუ პირობითი აღიარების ვადის (2 თვე) განმავლობაში ბიზნესოპერატორთან განხორციელდა ინსპექტირება და ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება ინსპექტირების შედეგების მიხედვით, ინსპექტირების დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში.
11. სააგენტო აღიარებულ ბიზნესოპერატორს, მათ შორის, პირობით აღიარებულ ბიზნესოპერატორს, ანიჭებს აღიარების ნომერს, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის/ქალაქის ინდექსს და კლასიფიკატორის შესაბამისი ჯგუფის ნომერს.
12. სააგენტო აწარმოებს აღიარებული ბიზნესოპერატორების რეესტრს და უზრუნველყოფს მის განახლებას.
13. ინფორმაცია აღიარებული ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათ შორის, სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების ნომრის შესახებ, ასევე წარმოებული/გადამუშავებული ცხოველური სურსათის სახეობების შესახებ, არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.
14. სააგენტო აღიარებულ ბიზნესოპერატორს, მათ შორის, პირობით აღიარებულ ბიზნესოპერატორს, ანიჭებს აღიარების ან პირობით აღიარების ნომერს და აღიარების შემთხვევაში ბიზნესოპერატორის მოთხოვნისამებრ გასცემს „ბიზნესოპერატორის აღიარების სერტიფიკატს“.
აღიარების გაუქმება და აღდგენა
1. ბიზნესოპერატორის აღიარების გაუქმება ხდება, თუ:
ა) ბიზნესოპერატორს, ინსპექტირების საფუძველზე, ერთი წლის განმავლობაში 2-ჯერ ექნება შეჩერებული საწარმოო პროცესი;
ბ) ბიზნესოპერატორი მიმართავს სააგენტოს აღიარების გაუქმების მოთხოვნით;
გ) ბიზნესოპერატორს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად ევალება დანერგოს და არ აქვს დანერგილი სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად;
დ) პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ განმეორებითი ინსპექტირების დროს გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორს სააგენტოსთვის არ აქვს მიწოდებული ინფორმაცია საწარმოო პროცესში ცვლილებების, საქმიანობის დროებით შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს გაუქმებული აქვს აღიარება და ის განცხადებით მიმართავს სააგენტოს აღიარების აღდგენის შესახებ, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის ინსპექტირება. ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა, ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უარი ეთქმება აღიარებაზე.
ბიზნესოპერატორის ვალდებულებები:
1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია:
ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ სააგენტო:
ბ.ა) გაუუქმებს აღიარებას;
ბ.ბ) პირობითი აღიარების შემდეგ არ მიანიჭებს აღიარებას.
2. ბიზნესოპერატორმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საწარმოო პროცესში ცვლილებების, საქმიანობის დროებით შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.
გასაჩივრების წესი: ბიზნესოპერატორის აღიარების, პირობითი აღიარების, აღიარების აღდგენის თაობაზე უარის თქმის ან აღიარების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შენიშვნა: აღიარების მქონე ბიზნესოპერატორების ნუსხა ექვემდებარება განახლებას.
